English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ჩვენი იუბილარი - პროფესორი რევაზ გოგოხია - 85

  რეზო აკაკის ძე გოგოხია დაიბადა 1936 წლის 28 აპრილს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში,       სადაც მდიდარი ქართული ტრადიციების მქონე ოჯახში გაატარა თავისი  ბავშვობა. იქვე წარჩინებით         დაამთავრა საშუალო სკოლის სრული კურსი, ხოლო 1953 წელს ჩაირიცხა და 1958 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1959-1960 წწ. არჩეული იყო საქართველოს  სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახალგაზრდული  ორგანიზაციის ხელმძღვანელად,  საიდანაც იგი თსუ-ში მისი აღმზრდელ-ხელმძღვანელის პროფ. ნ. იაშვილის რეკომენდაციით განაწესეს პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1961-1964 წლებში იყო იმავე ინსტიტუტის ასპირანტი. 1965 წელს  წარმატებით   დაიცვა დისერტაცია  ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის  მოსაპოვებლად. ეკონომიკურ მეცნიერებათა  დოქტორია 1988 წლიდან,   ხოლო   პროფესორი – 1989 წლიდან. მისი კვლევის ძირითადი ობიექტია   ეკონომიკური  თეორიისა და საბაზრო  ეკონომიკის, შერეული ეკონომიკური თეორიისა და საბაზრო  ეკონომიკის, შერეული ეკონომიკური სისტემის, ასევე აგრარული  და ბევრი სხვა,  ქვეყნის  საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, გამოქვეყნე- ბული აქვს 160-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები   (თანაავტორობით), სტატიები, პოლემიკური პუბლიკაციები,   რეცენზიები. ხაზგასას- მელია, რომ ფართო მკითხველმა ინტერესით მიიღო მოცულობით მცირე, მაგრამ შინაარსით დატვირთული მისი ერთ-ერთი  ბოლო ნაშრომი - რელიგიურ-ფილოსოფიურ-ანტროპოლოგიური სიბრძნე - ,,შეიცან თავი შენი და თანამედროვეობა” (2017წ.), რომლის გაღრმავება-გაფართოებაზე იგი  ინტენსიურად მუშაობს. არის მრავალი მონოგრაფიის, სამეცნიერო კონფერენციის, კრებულის და ა.შ. რედაქტორი ან რეცენზენტი.

რ. გოგოხია 1965-1977 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ჯერ უმცროს, შემდეგ კი - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (იმავდროულად იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკური თეორიის კათედრის დოცენტი 0,5 შტატში). 1978 წლიდან 1988 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ–ს ეკონომიკური თეორიის კათედრის დოცენტი, 1989 წლიდან - პროფესორი. 1980-1981 წლებში იყო თსუ-ს ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1982-1986 წლებში – საქართველოს მთავრობასთან არსებული საზოგადოებრივი აზრის  შემსწავლელი ცენტრის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 1991-1992 წლებში, ეროვნული ხელისუფლების დროს – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, მთავრობის გადაწყვეტილებით, მას დაეკისრა ფრიად საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულება – საქართველოში რადიკალური აგრარული რეფორმის კომისიის თავმჯდომარეობა, რომელსაც უნდა დაემუშავებინა ,,აგრარული რეფორმის კონცეფცია”. კომისიაში ჩაერთო ქვეყნის წამყვანი აგროეკონომისტები და სხვა დარგის სპეციალისტები. ,,კონცეფცია” დათქმულ ვადაში მომზადდა, თუმცა საპარლამენტო განხილვა ვერ მოესწრო. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსულმა   ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი ქარს გაატანა. ასეთ პირობებში რ. გოგოხიამ შეუძლებლად მიიჩნია მუშაობის გაგრძელება და გათავისუფლების თაობაზე განცხადება  გააკეთა. ამაზე მაშინდელი ხელისუფლების მომხრეთა რეაქცია მეტად მწვავე იყო…... მისი ბინის კარ-ფანჯრების ავტომატებით დაცხრილვა ...

თსუ-ში მუშაობასთან ერთად, 1995 წელს პროფ. რ. გოგოხიას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა თსუ-ის სოხუმის ფილიალის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრა, რომლის გამგეც იყო 1995-2001 წლებში, ასევე 2001-2004 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის ზოგად-ეკონომიკურ დისციპლინათა კათედრას. 2013–15წწ. როგორც მოწვეული პროფესორი ქართულ–უკრაინულ საერთაშორისო აკადემიაში კითხულობდა მიკრო–მაკროეკონომიკის კურსს.

პროფესორი რ. გოგოხია თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა მსოფლიო ეკონომიკის, ეკონომიკური თეორიის, საბაზრო ეკონომიკის, ეკონომიკსის, შერეული ეკონომიკის, ეკონომიკის პრინციპების და სხვა კურსებს. ბოლო პერიოდში თსუ-ში უძღვებოდა ,,აკადემიური წერის” კურსს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებთან. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ოცდაათამდე სამეცნიერო ხარისხის მაძიებელსა და ასპირანტს (დოქტორანტს), რომლებმაც დროულად დაიცვეს ძიებული ხარისხი. მას გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება (დოქტორანტურა) სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუში, ასევე, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. სადაც მის მიერ შესრულებულმა საკონკურსო ნაშრომმა – ,,ეკონომიკური თეორიის სწავლების დონის ამაღლებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში”, პირველი პრიზი დაიმსახურა. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში.

პროფ. რ. გოგოხია ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით. სტუდენტობის წლებში იყო თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ინსტიტუში – ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1993-2005 წლებში იყო თსუ-ის დიდი სამეცნიერო საბჭოს, ასევე, ეკონომიკური ფაკულტეტის და ეკონომიკაში რამდენიმე სადისერტაციო საბჭოს წევრი. არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის, აგრეთვე, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

მნიშვნელოვანია პროფ. რ. გოგოხიას წვლილი ქართული ეკონომიკური ჟურნალისტიკის განვითარებაში. იგი ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნ. ,,მაცნეს” ეკონომიკის სერიის საზოგადოებრივი მდივანი იყო, ხოლო მოგვიანებით, ჟურნ. ,,ეკონომისტის” განყოფილების გამგე. ორივე ჟურნალს რედაქტორობდა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკად. პაატა გუგუშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც მან მიიღო ფრიად ნაყოფიერი, როგორც ჟურნალისტური, ასევე მეცნიერული წრთობა. პროფ. რ. გოგოხიამ 1999 წელს ჩამოაყალიბა და ათი წლის განმავლობაში, რედაქტორობდა რეცენზირებად და რეფერირებად საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალს - ,,სოციალური ეკონომიკა”. 2008 წლის იანვრიდან იგი ივანე ჯავახიშვილის თსუ-ის საერთაშორისო ჟურნალის ,,ეკონომიკა და ბიზნესი” ერთ-ერთი ფუძემდებელი და მთავარი რედაქტორი იყო და მაღალკვალიფიციურად ასრულებდა თავის მოვალეობას 2018 წლამდე, სადაც იგი მთ. რედაქტორის მოადგილის რანგში დღესაც ნაყოფიერ მუშაობას ეწევა. აღსანიშნავია ისიც, რომ რ. გოგოხია წლების განმავლობაში იყო სსრ კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, ამჟამად კი – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრია.

პროფ. რ. გოგოხია ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენითა და მედლით, მათ შორისაა: ,,ივანე ჯავახიშვილის მედალი”, ,,ღირსების ორდენი”, ,,პაატა გუგუშვილის მედალი”. იგი, როგორც ქვეყნის ღირსეული პიროვნება – ცნობილი მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი, მრავალმხრივი მოღვაწე, შეყვანილია საქართველოს ახალ დიდ ენციკლოპედიაში (საქართველო, ენციკლოპედია, 2012, ტ. 2).

ბ-ნი რეზო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანია, საიდანაც იღებს სათავეს მისი ყველა ამქვეყნიური სიკეთე. მისი უპირველესი საფიცარი ღვთივკურთხეული საქართველოა და შეძლებისდაგვარად ცდილობს იყოს მსახური დიდი ილიას სენტენციისა - ,,მამული, ენა, სარწმუნოება”. ბუნებრივია, იგი უწინარესად, თავისი აღმზრდელი და სამსახურებრივი ზნეობის – თსუ-ის მოტრფიალე და თავგამოდებული პატრიოტია. ამიტომაც იყო, რომ როცა ,,ლიბერასტ-ნაციონალებმა” ,,დიდი რეფორმის” აბრით, სცადეს იავარექნათ ყოველგვარი ქართული, მათ შორის – ეროვნულობისა და მეცნიერების ბაირახტარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბატონი რეზო უყოყმანოდ და აქტიურად ჩადგა მის დამცველთა რიგებში. ამისთვის მასაც შეეხო რეპრესიები – 2006 წელს, ზემოდან ,,ახლადდანიშნულ” პროფესორთა რიგებში არ აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში, როცა მას თსუ-ის ახალმა ხელმძღვანელობამ შესთავაზა მონაწილეობა მიეღო საპროფესორო კონკურსში, მან თავმდაბლურად განაცხადა – მე უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვარ და მიუხედავად კარგ ფორმაში ყოფნისა, გზა ახალგაზრდებისთვის დამითმიაო. აქაც გამოჩნდა მისი დაუფასებელი დიდსულოვნება და ალალი ზრუნვა ქვეყნის მომავალზე.

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ბატონი რეზო მეგობრობაში გამორჩეული პიროვნებაა, საოცრად ყურადღებიანი და თავმდაბალი. მეგობრების წარმატებასაც და წარუმატებლობასაც აღიქვამს როგორც საკუთარს. ამასთან, იგი სიტყვისა და საქმის ერთიანობის კაცია და ამასვე მოითხოვს სხვებისგანაც. ბ-ნი რეზოს კაცურკაცობისა და სიბრძნის დასტური ისიცაა, რომ იგი ყოველთვის დიდი პატივისცემით მოიხსენიებს თავის მასწავლებლებს, გამოჩენილ მეცნიერებს, აკადემიკოსებს – პ. გუგუშვილს, ვ.ჩანტლაძეს; პროფესორებს – ნ. იაშვილს, ნ. ქოიავას, ვ. ბახტაძეს, ს. ბერაძეს, შ.ბერაძეს, ლ. გოკიელს. გ. პაპავას, ა. გოკიელს, ი. ბაჯაძეს, გ. ჭანუყვაძეს, ბ. ლუტიძეს, ო. საღარეიშვილს, ბ. გუჩუას... და თვლის, რომ მასში თუ რამ კარგია, ეს არსებითად მათი დამსახურებაა. ამიტომაცაა, რომ მან თავის აღმზრდელ-მასწავლებლებს, თუ უფროს კოლეგა-მეგობრებს, სხვადასხვა დროს, შესანიშნავი ნარკვევები, ესსეები თუ მოგონებები მიუძღვნა, რომელთაც მკითხველები არ მოაკლდება. ამ მიმართულებით ის კვლავაც სიამოვნებით აგრძელებს მუშაობას.

უსათუოდ აღსანიშნავია ისიც, რომ პროფ. რ. გოგოხიას კალამს ეკუთვნის ასევე საინტერესო და მიუკერძოებელი პოლემიკური ხასიათის სტატიები და რეცენზიები ეკონომიკური ლიტერატურის, ლექსიკონების, ეკონომიკური პოლიტიკის და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.

მათ შორის ბოლო პერიოდში მისი ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგიის ისეთ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, როგორიცაა ქვეყანაში სასმელი წყლის ინდუსტრიის ხორცშესხმის პროგრამის (ხელმძღვანელი აკად. პ. გიორგაძე) სრულყოფა-განხორციელების უზრუნველყოფის საქმე, რამეთუ პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობის სწრაფ ტემპებს, და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობის მკვეთრ ამაღლებას. პროფ. რ. გოგოხიამ ამ პრობლემას არაერთი ანალიტიკურ-პოლემიკური სტატია მიუძღვნა, ასევე, ამავე პრობლემაზე იგი ვრცელი მოხსენებით წარსდგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის (თავმჯდომარე აკად. ელ. ჯაველიძე) გაფართოებულ სხდომაზე, რომელმაც მრავალრიცხოვან დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა და ფრიად ნაყოფიერი მეცნიერული დისკუსიის საგანი გახდა. ეს და სხვა მასალები არაერთხელ გადაეგზავნა მთავრობას, თუმცა, ხელისუფლება დუმილის პოზიციას ინარჩუნებს.

აღნიშნულთან ერთად, იუბილარის ყურადღება გამახვილებულია მსოფლიო განვითარების ცივილიზაციური პროცესების ზღვარგადასული გლობალიზაციის დეგლობალიზაციის აუცილებლობის პრობლემაზე. იგი გაბედულად აკრიტიკებს თანამედროვე მსოფლიოს ე.წ. საყოველთაო წესრიგის ზღვარგადასულ ლიბერტარიანულ თეორიასა და იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, სამშობლო, ერი და ეროვნება, ტრადიციები, პატრიოტიზმი, რელიგია, მშობლები, და-ძმა და სხვა ეროვნული ფასეულობები თანდათან ტოვებენ ისტორიულ ასპარეზს, ხოლო მსოფლიო წარმოჩინდება როგორც ერთიანი მმართველობის გიგანტი  სახელმწიფო – ხელოვნური, ანუ რობოტი–ადამიანის დომინირებით (იხ. აკად. პ.გუგუშვილის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებული, თბ., 2020, გვ. 51-56).

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ბატონი რეზო ჩინებული მეოჯახეა, ჰყავს მეუღლე, რძალი და ორი შვილი – მაია და მამუკა, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ. მათ ჩინებულად დაამთავრეს თსუ, ასპირანტურა, დაიცვეს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი და წარმატებულ საქმიანობას ეწევიან – მაია თსუ-ს ასოცირებული პროფესორია, მამუკა კი – საქართველოს აუდიტის სამსახურის პასუხისმგებელი მუშაკი. იუბილარი მდიდარია შვილიშვილებითაც, ჯერჯერობით – ორი გოგონა და ორი ვაჟი. უფროსი - მარიამი თსუ-ს სტუდენტია, ხოლო მომდევნო თამარი – სამხატვრო აკადემიის. ბიჭები – საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან.

85 წლის ბ-ნი რეზო, ღვთის წყალობით, კვლავ მხნედ გამოიყურება და ახალგაზრდული ენერგიით განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას. რაც მთავარია, ურყევია მისი რწმენა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო მალე გამთლიანდება, სრულად გაბრწყინდება, იგი მზადაა კვლავ შეიტანოს თავისი მოკრძალებული წვლილი ამ პროცესში. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და ახალი წარმატებები ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

 ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,

 ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“

სარედაქციო კოლეგია